კატეგორიები


  ბოლო სიახლეები


ასპინძაში დაიწყო საზაფხულო ეკობანაკის ფუნქციონირება
ასპინძაში დაიწყო ორგანიზაცია "მოქალაქის" ინიციატივით ორგანიზებული 2017 წლის საზაფხულო ეკობანაკის ფუნქციონირება.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის დასკვნითი ეტაპი
დასკვნითი ეტაპი 18 მაისს გაიმართება
მესამე ტურის პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები
გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის პირველი ეტაპის საბოლოო შედეგებს
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის პირველი ეტაპის შედეგები და აპელაცია
გთავაზობთ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის პირველი ეტაპის შედეგებს.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა (2016-2017)

„სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" უკვე მესამედ ტარდება და ის მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებისა და ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პროეxქტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა.

 

ოლიმპიადის ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

 

ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სამ ტურად.


პირველი ტური ტარდება კომპიუტერულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და თბილისის სკოლებში.

 

გამოყენებული იქნება არჩევითპასუხებიანი ტესტი, რომელიც დაეფუძნება სამოქალაქო განათლების სასწავლო გეგმას. ტესტში შევა დავალებები, რომლებიც ძირითადად აფასებს ცოდნას (სამოქალაქო განათლებაში ნასწავლი ცნებებისა და კონცეფციების ცოდნასა და ცოდნის გამოყენების უნარს (როგორ იყენებენ მოსწავლეები სამოქალაქო (Civics) და მოქალაქეობრივი უფლებების (Citizenship) კონცეფციებს სხვადასხვა კონტექსტში). მოსწავლე ტესტის დასრულებისთანავე გაიგებს თავის შედეგს.

 

მეორე და მესამე ტურში ძირითადი აქცენტი გაკეთდება კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, ე. წ. დილემური სიტუაციების ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარზე. შეფასდება, თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები სამოქალაქო და მოქალაქეობრივი უფლებების კონცეფციებს პრობლემის გადაწყვეტის პროცესში. მეორე ტურში ტესტში ძირითადად ღია დავალებები იქნება. ნაშრომები შეფასდება გამსწორებლების მიერ ელექტრონულად.

 

მესამე ტური ორ ნაწილს ითვალისწინებს:

  • ესე - წერითი დავალება, რომელიც მოსწავლისაგან მოითხოვს რამდენიმე დილემური სიტუაციის ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯას და/ან პრობლემის გადაწყვეტის უნარის დემონსტრირებას. შეფასდება სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემის წარმოჩენა, სამოქალაქო და მოქალაქეობრივი უფლებების კონცეფციების გამოყენება პრობლემის გადაწყვეტის პროცესში, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი და პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომა.
  • პრეზენტაცია - საპრეზენტაციო თემა იმგვარად იქნება შერჩეული, რომ გამოვლინდეს, თუ რამდენად აცნობიერებს მოსწავლე მოქალაქის უფლებებს და პასუხისმგებლობებს, დემოკრატიულ ღირებულებებს. შეფასდება ზეპირი მეტყველება, არგუმენტირებული მსჯელობა, სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემა და პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომა; აგრეთვე, დასმულ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხები.

 

მესამე ტურის მონაწილეებს შეაფასებენ სამოქალაქო განათლების ექსპერტები და საზოგადოებაში აღიარებული, სამოქალაქო პოზიციითა და ღირებულებებით გამორჩეული ადამიანები.

 

მესამე ტურის ბოლოს გამოვლინდება ოლიმპიადაში გამარჯვებული 20 მონაწილე.

 

ოლიმპიადის გამარჯვებულებს ორგანიზაცია „მოქალაქე" დააჯილდოებს. გათვალისწინებულია გამარჯვებულთა გაგზავნა ენის შემსწავლელ კურსებზე დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში.
 

„სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" მესამე წელია ტარდება. 2014-2015 სასწავლო წელს ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა საქართველოს 1277 სკოლის 22 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, მომდევნო წელს კი მონაწილეთა რაოდენობა 27 000-მდე გაიზარდა. თითოეული საფეხურის დაძლევის შემდეგ ყველა მოსწავლე ჯილდოვდება, მათ გადაეცემათ სიგელები და საჩუქრები,


20 გამარჯვებული კი ენის კურსებზე გაემგზავრება. 2015 და 2016 წლის გამარჯვებულებმა ინგლისის „Headington Oxford"-ისა და „Oxford College"-ის საზაფხულო სკოლაში გაიარეს ენის კურსები.

ოლიმპიადის ფარგლებში ფასდება სამოქალაქო განათლების სამი ასპექტი:

 

  • შემეცნებითი (დემოკრატიის არსისა და ადამიანის უფლებების ცოდნა - რას წარმოადგენს ადამიანის უფლებები და ის პირობები, რომლებზეც ამ უფლებების დაცვაა დამოკიდებული);
  • მონაწილეობითი (დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის მზაობა, ანუ იმის ცოდნა, თუ როგორ დაიცვან ბავშვებმა საკუთარი უფლებები; მაგალითად, სკოლაში, როგორც მიკროსაზოგადოებაში, მოსწავლეთა თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვა და სხვ.);
  • კულტურული (მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის პატივისცემა, პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებისა და საზოგადოების წინაშე).

 

 

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 247 33 33 ან მოგვწერეთ პროექტის Facebook გვერდზე: გახდი მოქალაქე!




youtube
+ (032) 223 01 03