კატეგორიები


  ბოლო სიახლეები


სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის სიახლე
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის აღწერა და მოთხოვნები
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა (2014-2015)
10-02-2014

 

ორგანიზაცია „მოქალაქე" იწყებს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისათვის.

 

ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებისა და ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა.

 

ვიმედოვნებთ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლებაში სასწავლო პროცესის სტიმულირებასა და სამოქალაქო განათლებისადმი   მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას, მათ მოტივირებას.

 

ოლიმპიადის ფარგლებში შეფასდება სამოქალაქო განათლების, სამოქალაქო კომპეტენციის სამი ასპექტი:

 

  • შემეცნებითი (დემოკრატიის არსისა და ადამიანის უფლებების ცოდნა - რას წარმოადგენს ადამიანის უფლებები და ის პირობები, რომლებზეც ამ უფლებების დაცვაა დამოკიდებული);
  • მონაწილეობითი (დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის მზაობა, ანუ იმის ცოდნა, თუ როგორ დაიცვან ბავშვებმა საკუთარი უფლებები; მაგალითად, სკოლაში, როგორც მიკროსაზოგადოებაში, მოსწავლეთა თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვა და სხვ.);
  • კულტურული (მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის პატივისცემა, პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებისა და საზოგადოების წინაშე).

 

ოლიმპიადის ჩაატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

 

შერჩევის კრიტერიუმები და ეტაპები:

 

ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ, რუსულ,  სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სამ ტურად.

 

ოლიმპიადის პირველი ტური ტარდება კომპიუტერულად საქართველოს ყველა რაიონისა და თბილისის სკოლებში.

 

გამოყენებული იქნება არჩევითპასუხებიანი ტესტი, რომელიც  დაეფუძნება სამოქალაქო განათლების სასწავლო გეგმას. ტესტში შევა დავალებები, რომლებიც ძირითადად აფასებს ცოდნას (სამოქალაქო განათლებაში ნასწავლი ცნებებისა და კონცეფციების ცოდნასა და ცოდნის გამოყენების უნარს (როგორ იყენებენ მოსწავლეები სამოქალაქო (Civics) და მოქალაქეობრივი უფლებების (Citizenship) კონცეფციებს სხვადასხვა კონტექსტში). მოსწავლე ტესტის დასრულებისთანავე გაიგებს თავის შედეგს.

 

მეორე და მესამე ტურში ძირითადი აქცენტი გაკეთდება კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, ე. წ. დილემური სიტუაციების ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარზე. შეფასდება, თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები სამოქალაქო და მოქალაქეობრივი უფლებების კონცეფციებს პრობლემის გადაწყვეტის პროცესში. მეორე ტურში ტესტში ძირითადად ღია დავალებები იქნება.

 

ნაშრომები შეფასდება გამსწორებლების მიერ ელექტრონულად.

 

მესამე ტური ორ ნაწილს ითვალისწინებს: 

 

  1. ესე - წერითი დავალება, რომელიც მოსწავლისაგან მოითხოვს რამდენიმე დილემური სიტუაციის ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯას და/ან პრობლემის გადაწყვეტის უნარის დემონსტრირებას. შეფასდება სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემის წარმოჩენა, სამოქალაქო და მოქალაქეობრივი უფლებების კონცეფციების გამოყენება პრობლემის გადაწყვეტის პროცესში, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი და პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომა.
  2. პრეზენტაცია - საპრეზენტაციო თემა იმგვარად იქნება შერჩეული, რომ გამოვლინდეს, თუ რამდენად აცნობიერებს მოსწავლე მოქალაქის უფლებებს და პასუხისმგებლობებს, დემოკრატიულ ღირებულებებს. შეფასდება ზეპირი მეტყველება, არგუმენტირებული მსჯელობა, სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემა და პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომა; აგრეთვე, დასმულ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხები.

 

მესამე ტურის მონაწილეებს შეაფასებენ სამოქალაქო განათლების ექსპერტები და საზოგადოებაში აღიარებული, სამოქალაქო პოზიციითა და ღირებულებებით გამორჩეული ადამიანები.

 

მესამე ტურის ბოლოს გამოვლინდება ოლიმპიადაში გამარჯვებული 20 მონაწილე.

 

ოლიმპიადის გამარჯვებულებს ორგანიზაცია „მოქალაქე" დააჯილდოვებს. გათვალისწინებულია გამარჯვებულთა გაგზავნა ენის შემსწავლელ კურსებზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

 

დეტალური  ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 247 33 33 ან მოგვწერეთ პროექტის facebook  გვერდზე  www.facebook.com/CivilEducationOlympiad

 

რეგისტრაცია იწარმოებს 7 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.

მოსწავლეებმა რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ ეწვიეთ ბმულს http://online.naec.ge/msgolimp

გისურვებთ წარმატებას!










youtube
+ (032) 223 01 03