რამდენად რთულია მეორე ტურის დავალებები პირველი ტურისაგან განსხვევებით?
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური კომპიუტერულად ჩატარდა, მეორე ტურის მონაწილეები კი ტესტის რვეულში და პასუხების ფურცლებზე იმუშავებენ. ტესტი 55 ქულიანია და 22 დავალებისგან შედგება: 15 დავალება დახურულბოლოიანია, ხოლო 7 - ღიაბოლოიანი. ტესტით შეფასდება კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, ე. წ. დილემური სიტუაციების ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარი. ასევე შემოწმდება, თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები სამოქალაქო და მოქალაქეობრივი უფლებების კონცეფციებს პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.
მესამე ტურში გადასასვლელად ჯამდება თუ არა პირველი და მეორე ტურის შედეგები?
მხოლოდ მეორე ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის მესამე ტურში.
რა წესები უნდა დაიცვას მოსწავლემ გამოცდის მსვლელობის დროს?
გაითვალისწინეთ, რომ ნაშრომი არ გასწორდება, თუ:
• დაზიანებულია;
• მოსწავლე პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, მაგ: მეტსახელს ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.
გახსოვდეთ, არ შეიძლება:
• პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა.შ.
• დროზე ადრე ტესტზე მუშაობის დაწყება;
• გამოცდის მიმდინარეობისას მოსწავლეების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
• ერთმანეთის დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
• ჩამოთვლილი წესების დარღვევისას მოსწავლე მიიღებს გაფრთხილებას;
• ერთი გაფრთხილების შემდეგ, ან წესების უხეში დარღვევის გამო (მეთვალყურის შეურაცხყოფა და სხვ.) აპლიკანტი დაუყოვნებლივ მოიხსნება გამოცდიდან.