კატეგორიები


  ბოლო სიახლეები


საინფორმაციო შეხვედრა
სტუდენტები თვითმმართველობისათვის პროექტის ფარგლებში
სტუდენტები თვითმმართველობის მხარდასაჭერად (2015-2016)
09-24-2015

ორგანიზაცია "მოქალაქე" იწყებს კონკურსის "სტუდენტები თვითმმართველობის მხარდასაჭერად" ახალ რაუნდს. პროექტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განახორციელებს. კონკურსისათვის რეგისტრაციის პროცესი 28 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდება.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად და მასში ჩართვა 4-6 წევრისაგან შემდგარ სტუდენტურ გუნდებს შეუძლიათ.


წელს კონკურსისათვის ვერ დარეგისტრირდებიან წინა წლის გამარჯვებული გუნდების წევრები. იმ 43 გუნდის წარმომადგენლებს, რომლებიც კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპზე მონაწილეობდნენ, შეუძლიათ ინდივიდუალურად, ახალ გუნდთან ერთად მიიღონ კონკურსში მონაწილეობა - გუნდში შეიძლება მხოლოდ ერთი ასეთი მონაწილე იყოს. რეგისტრაციის გასავლელად მან განცხადებით უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.


კონკურსის პირველი, შესარჩევი ეტაპი, რეგისტრაციის გავლასთან ერთად, სიმულაციური დავალების შესრულებას გულისხმობს. გუნდების შექმნის, რეგისტრაციის გავლისა და დავალების შესრულებისათვის სტუდენტებს დრო 10 ნოემბრის ჩათვლით ექნებათ.

 

რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდებს: www.mokalake.ge; www.naec.ge online.naec.ge

 

პროექტის მიზანია:
ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
საზოგადოებრივ პროცესებში სტუდენტების თანამონაწილეობის მნიშვნელობის გაზრდა და მოქალაქეობრივი მოვალეობებისა თუ როლის გაცნობიერების ხელშეწყობა.
თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა.

 

ამ მიზნის მისაღწევად პროექტით გათვალისწინებულია:

სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტების საჭიროებების შესწავლა/ანალიზი, მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმის და ადგილობრივი ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტების შემუშავება.
• სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თვითმმართველობის არსის და ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გაცნობა.

 

კონკურსი ტარდება სამ ეტაპად:

პირველი - შესარჩევი ეტაპი, რომლის მიზანია საკონკურსო გუნდების ფორმირება და შერჩევა;

ყველა გუნდი, რომელიც წარმატებით გადალახავს შესარჩევ ეტაპს, მონაწილეობას მიიღებს მეორე და მესამე ტურში და იმუშავებს კონკრეტული მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესწავლა/ანალიზსა და ამავე მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვის (გეგმის) შემუშავებაზე, საბიუჯეტო დაგეგმვაზე.

მეორე და მესამე ტურის მონაწილეებისათვის უშუალოდ მათ რეგიონებში ჩატარდება სპეციალური ტრენინგები თვითმმართველობის არსის, ასევე, კვლევის მეთოდების შესახებ, რომლებიც დაეხმარება გუნდებს ამ ეტაპებზე გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებაში.

მეორე ტურისათვის რეალური მუნიციპალიტეტების შერჩევისას შეძლებისდაგვარად იქნება გათვალისწინებული გუნდის სურვილი.

მეორე ეტაპი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების კვლევასა და ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებაზეა ფოკუსირებული. გუნდებმა კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე უნდა მოამზადონ ანალიტიკური დოკუმენტი "მუნიციპალიტეტის პრობლემები და საჭიროებები";

მეორე ეტაპი შედგება ორი ნაწილისგან: პირველი ნაწილი ითვალისწინებს სტუდენტთა გუნდების მიერ საპროექტო წინადადების მომზადებასა და წარდგენას (საპროექტო წინადადებაში აღწერილი იქნება ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებისათვის საჭირო აქტივობები, კვლევის/შეფასების მეთოდოლოგია, ბიუჯეტი და სხვ.); პირველი ნაწილის შემდეგ გუნდები იღებენ უკუკავშირს (კომისიის მოსაზრებას, შენიშვნას, რეკომენდაციას). მეორე ნაწილი კი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების კვლევასა და ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებაზე, არსებული ბიუჯეტის ანალიზზეა ფოკუსირებული.

მესამე ეტაპი გულისხმობს კონცეპტუალური დოკუმენტის მომზადებას "მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა". დოკუმენტში ასახული უნდა იყოს გამოვლენილი პრობლემების დაძლევის გზები, მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა და მომდევნო წლის ბიუჯეტი.

 

კონკურსი "სტუდენტები თვითმმართველობის მხარდასაჭერად" უკვე მეორედ ჩატარდება. პირველად, მსურველთა რეგისტრაცია 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და მასში საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქი ჩაერთო. საბოლოოდ 10 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდები იღებენ მონაწილეობას სასწავლო ტურში, რომელიც გერმანიასა და პოლონეთში იმართება და თვითმმართველობის საკითხებს ეძღვნება.
ყველაზე წარმატებული გუნდებისათვის ორგანიზაცია "მოქალაქე" სასწავლო ტურს მოაწყობს განვითარებული თვითმმართველობის მქონე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში.

 

ხშირად დასმული კითხვები


დამხმარე მასალების ჩამონათვალი, ბმულები


დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 247 33 33 ან მოგვწერეთ პროექტის Facebook-ის გვერდზე www.facebook.com/StudentsForGeorgia

 

 




youtube
+ (032) 223 01 03